სოფელ ხოვლეს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ ხოვლეს კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარე XVI-XVII საუკუნეების კოშკს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე და წარმოადგენს სათავდაცვო ნაგებობას.

„ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კვადრატულია (7,3×7,3 მ), ზევითკენ ოდნავ შევიწროვებული. ხუთსართულიანია. პირველი სართული ამოვსებულია ნაშალით. შესასვლელი მეორე სართულზე სამხრეთის კედელშია გაკეთებული. ადიოდნენ მისადგმელი ხის კიბით. სართულშორისი გადახურვა ხის იყო. კედლებში შერჩენილია საკოჭეები. თითოეული სართულის კედლებში დატანებულია სარკმელ-სათოფურები. ისინი ოთხკუთხა ფორმისაა, გარეთკენ რომელიმე კუთხით შევიწროვებული. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელსა და მოთხე სართულის დასავლეთ კედელში თაღოვანი ბუხრებია დატანებული. მეხუთე სართული სანახევროდ მონგრეულია, ამიტომ როგორ სრულდებოდა ძნელი სათქმელია.

ხოვლეს კოშკი გვიანი შუა საუკუნეების ცალკე მდგომ სათავდაცვო ნაგებობათა ნიმუშს წარმოადგენს, XVI-XVII საუკუნეების პირველი ნახევრის პერიოდის შესაბამისი მახასიათებლები აქვს: კუთხოვანობა, მრავალსართულიანობა, სათოფურთა მოყვანილობა, თაღოვანი ბუხრები. სართულშორის მისადგმელი კიბით მაკავშირებლობა. ასეთი ცალკე მდგომი კოშკები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კარგადაა შემორჩენილი. -წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.