სოფელ კაჭრეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო მოსახლეობას ტესტირება ჩაუტარდა
სოფელ კაჭრეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო მოსახლეობას ტესტირება ჩაუტარდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გამოვლინდა კორონავირუსის ექვსი შემთხვევა. მისი თქმით, ექვსივე ერთ სამსახურში დასაქმებული პირია.

„ეს არ არის კარგის ნიშანი. ყველა ინფიცირებული და მათი კონტაქტები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ინფიცირების წყარო არ არის ცნობილი, თუმცა გამოვლენის შემდეგ სოფელ კაჭრეთში ეპიდემიოლოგებმა იმუშავეს, ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ჩაუტარდა სწრაფი ტესტი. დამატებითი ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან რეგულაციებით დადგენილი წესები და ვისაც ვაქცინაცია ეკუთვნის, დროულად ჩაიტაროს აცრა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.