სოფელ ჯუთას მოსახლეობას სურსათი ჩაუტანეს
სოფელ ჯუთას მოსახლეობას სურსათი ჩაუტანეს

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მერის მოადგილემ დავით ქირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სოფელ ჯუთას მოსახლეობისთვის სურსათი ჩაიტანეს.

მხარის რწმუნებულთან და მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები, რომლებმაც დაზიანებული გადამცემი ხაზები დაათვალიერეს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთასთან მისასვლელი საავტომობილო გზა მკაცრი კლიმატის გამო, პერიოდულად იკეტება. წელსაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა სწორედ დიდთოვლობას უკავშირდება, ზვავსაშიშროების გამო ადგილზე მუშაობას ვერ ახერხებს მძიმე ტექნიკა. სოფელს უამინდობის გამო რამდენიმე დღეა, არ მიეწოდება ელექტროენერგიაც, ერთადერთი დამაკავშირებელი საშუალება მოსახლეობასთან ვერტმფრენია.

დავით ნოზაძის განცხადებით, ჯუთაში მყოფ ათ ოჯახს გენერატორები აქვთ და ვიდრე ელექტროენერგიის აღდგენა მოხდება მოსახლეობისთვის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია სოფელში მყოფ ათ ოჯახს საწვავით უზრუნველყოფს.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო სასაზღვრო პოლიციას გაწეული დახმარებისთვის. დღეს ჩვენ სოფელ ჯუთას მოსახლეობისთვის, რომლებიც გარესამყაროს მკაცრი კლიმატური პირობების გამო არიან მოწყვეტილნი, სურსათი ჩამოვუტანეთ. ჯუთელებთან ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. კიდევ ერთი პრობლემა, რაც სოფელს დიდთოვლობამ შეუქმნა, უშუქობაა. დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები, რომლებმაც დაათვალიერეს დაზიანებული ადგილები, როგორც კი გარემოს ეროვნული სააგენტო მოგვცემს თანხმობას ტექნიკური ჯგუფები დაზიანებული ხაზების აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.