სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ახლობლები ხელვაჩაურის მერიასთან აქციას მართავენ
სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ახლობლები ხელვაჩაურის მერიასთან აქციას მართავენ

ხმაური იყო ხელვაჩაურის მერიასთან, სადაც დილიდან აქციას მართავენ სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის ახლობლები. ისინი ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაღუპული ოჯახის წევრებმა მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრების გამო მერიას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ დახმარება ვერ მიიღეს.

აქციის მონაწილეები ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ.

„ან თქვენით გადადგებით, ან აგიჭედავთ კარებს და ჩვენ გადაგაყენებთ“, – მიმართეს მერს დაღუპულთა ახლობლებმა.

ხელვაჩაურის მერი ამტკიცებს, რომ დახმარების თაობაზე განცხადება მერიაში არ შესულა.

„შეგიძლიათ, ნახოთ ყველა დოკუმენტაცია 2008 წლიდან დღემდე, ასეთი განცხადება შემოსული არ არის“, – განაცხადა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მერმა კაბინეტი დატოვა და ტერიტორიის დატოვებას ავტომანქანით გეგმავდა, თუმცა აქციის მონაწილეები მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ,

დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

ხელვაჩაურის მერმა ტერიტორია დატოვა, აქციის მონაწილეები კი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.