სოფელ ჯაპანაში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშოები დასრულდა
სოფელ ჯაპანაში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშოები დასრულდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშოები დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, მაჟორიტარი დეპუტატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანი, გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ერთ- ერთ ოჯახს ეწვივნენ, ჩატარებული სამუშოები ადგილზე დაათვალიერეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილე ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჭინათის მოსახლეობასაც შეხვდა.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დღემდე 288 დასახლებულ პუნქტში 100 000-ზე მეტ აბონენტს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში აიგო 59,905 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 1145 აბონენტს მისცემს საშუალებას ჩაერთოს ბუნებრივი გაზის ქსელში”,- ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლესისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირება წლის ბოლომდე დასრულდება.

„დღეს ვიმყოფებით სოფელ ჯაპანაში, კახა დოლიძის ოჯახში, სადაც მოხდა ბუნებრივი აირის შეყვანა. მინდა ვთქვა, რომ ნიგოითის ყველა სოფელში (ჯაპანა, ჭყონაგორა, ჩოლობარგი, ქვიანი) დასრულებულია გაზიფიცირება. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ლესისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები ამჟამად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში მიმდინარეობს, ესენია: ზემო და ქვემო ჩიბათი, ლესა და აკეთი. შედეგად, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1287 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 83,667 გრძივი მეტრი გაზსადენი.