სოფელ გვესოს მცხოვრებლები გზის აღდგენას ითხოვენ
სოფელ გვესოს მცხოვრებლები გზის აღდგენას ითხოვენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოს მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში რამდენიმე თვის წინ, გზის გაფართოებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა კომპანიამ აღნიშნულ პერიმეტრზე სამუშაოები ხუთი თვის წინ მიატოვა, რის შემდეგადაც, გზაზე გადაადგილება როგორც ავტომობილით მოსარგებლეებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც უჭირთ.

გვესო არის ისტორიული სოფელი. ამ სოფელში სამი ციხეა, სადაც ტურისტები მუდმივად დადიოდნენ და ამ ისტორიულ ნაგებობეს ათვალიერებდნენ. მას შემდეგ რაც გზები გადათხარეს და შემდეგ სამუშაოები მიატოვეს, ფაქტობრივად ავტომობილით გავლა უკვე არის შეუძლებელი. ასევე გზის გაფართოების გამო, ერთ-ერთ ოჯახს ასწლოვანი ნიგვზის ხე მოუჭრეს, რომლითაც თავს ირჩენდა. ასევე დააზიანეს, სხვა ოჯახების ღობეები. ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს, როდის დასრულდება დაწყებული და მიტოვებული სამუშაოები,”- აცხადებენ სოფელ გვესოში მცხოვრებლები.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე განმარტავს, რომ გზა მეწყრული პროცესების შედეგად ჩამოინგრა და გაუვლელი გახდა.

მისი თქმით, გზის სამუშაოების პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოები დაახლოებით ოქტომბერში დაიწყება.

პროექტირებაზე ტენდერი დასრულებულია, სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება, ექვსთვიანი პროექტია და თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი ექვს თვეში მორჩება. ამ სოფელში მეორე კომპანიაც მუშაობა, რომელიც გზების მოხრეშვას აწარმოებდა, მაგრამ შპს „ორბიტა“ არ ასრულებს ვალდებულებას და მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, ამასთან დაკავშირებით ყოველდღე ვესაუბრები მოსახლეობას და ყველამ იცის, როდის დაიწყება მუშაობა”, – აცხადებს ავთანდილ უგრეხელიძე.