სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს არ გამოჩენილან
სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს არ გამოჩენილან

მეორე დღეა, სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები აღარ გამოჩენილან.

საოკუპაციო ხაზთან ისინი ბოლოს 22 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე იმყოფებოდნენ, რა დროსაც წინა დღეებში დამონტაჟებულ ბოძებზე რკინის მწვანე ღობეები გაავლეს. მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან დღემდე პერიოდში მათ 160-მდე ბოძი დაამონტაჟეს, რამაც საოკუპაციო ბარიერის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრით  გაზარდა, ასევე ღობის მიღმა მოექცა ორი ოჯახის –  გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები.

არსებობდა საფრთხე, გუგუტიანთკარის სარწყავი არხის სათავო ნაგებობაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილიყო, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული საფრთხე მოხსნილია. ამასთან, სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ თუ არსებული ტრაექტორიით გააგრძელეს ოკუპანტებმა უკანონო ე.წ. საზღვრის გავლება სოფლის სასაფლაოს ნაწილი და ეკლესიაც შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს.

ამასთან, ერთ კვირაში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მთავარ თემად სწორედ გუგუტიანთკარში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხს დააყენებს.