სოფელ გორაბერეჟოულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა
სოფელ გორაბერეჟოულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, ინერციით მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა ყველანაირი დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, ტვინის ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა”,- განაცხადა ჩოხატაურის შპს ,,ჯანმრთელობის სახლი გურიაში” სამედიცინო დირექტორმა, თემურ კოროშინაძემ.

შსს- ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.