სოფელ ღვანკითში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ღვანკითში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, გამკაცრებული ზომების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვითარებას ადგილზე მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი გაეცნო. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს ყველა ფერმერს, რომელსაც ეს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სჭირდება, ასევე აქტიურად დაეხმარება ფერმერებს, რომლებმაც მოსავალი მოიყვანეს და რეალიზაციას ვერ ახდენენ. მათ შორის, ერთ-ერთმა მერიას დახმარებისთვის მარწყვის რეალიზებასთან დაკავშირებით მიმართა და პროდუქციის გაყიდვა შეძლო.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში სოფელ ღვანკითის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ჩართული.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მთელ რეგიონში წინა წელთან შედარებით 30 პროცენტით არის გაზრდილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა გახდა.