სოფელ განმუხურის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს
სოფელ განმუხურის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს

სოფელ განმუხურში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლის გაზიფიცირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემებით არ ინტერესდება.

„თუ კოკის, ორსანტიისა და შამგონის მოსახლეობას ერთი წერტილის შეყვანა უფასოდ ეკუთვნოდა, მაშინ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ჩვენს სოფელსაც ეკუთვნის. უკანონოდ არაფერს ვითხოვთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დათა შელია იმყოფებოდა.

მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი არაერთხელ დააყენეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის.

„სოკარი არის კერძო კომპანია და ხელისუფლებას არ გაუჭირდება, რომ უშუამდგომლოს ამ ხალხს და შეუყვანოს ერთი წერტილი უფასოდ“, – აცხადებს შელია.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, განმუხურელები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.