სოფელ ერისიმედში მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება
სოფელ ერისიმედში მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ სამედიცინო-საკნტროლო პუნქტში შემსვლელ-გამსვლელი მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება.

სოფელ ერისიმედში​ კორონავირუსით ამ ეტაპზე სულ სამ ადამიანია ინფიცირებული. სპეციალისტებმა ინფიცირებულების ახლო კონტაქტებიდან დღეს აიღეს ბიოლოგიური მასალა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

დაინფიცირებულის ახლო კონტაქტებიდან ექვსი ბიოლოგიური მასალა ავიღეთ, რომელსაც დღეს გავაგზავნით ლაბორატორიაში. მოსახლეობის მასობრივი ტესტირება არ ტარდება. გამოკვლევაზე გაიგზავნება მხოლოდ იმ ადამიანის ნიმუში, რომელსაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიღნაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ მოსულიშვილმა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ამოქმედდა. მოეწყო პოლიციის საკონტროლო პუნქტი და სამედიცინო შემოწმების კარავი. სოფელში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.