სოფელ დუისში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს
სოფელ დუისში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეები ხეობაში ჰესების დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ხადორის ხეობაში, წინა წლებში, ორი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, დამატებით სამი ჰესის აშენება კი, გაანადგურებს მდინარე ალაზნის ეკოსისტემას და ლანდშაფტს, ასევე, საფრთხე შეექმნება სასმელ და სარწყავ არხებს და ხეობაში ტურიზმის განვითარებას.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პირების მიმართ, რომლებიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირია ზეწოლა.

ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და დიპლომატებს მიმართავენ, პანკისში ჰესების მშენებლობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხებს გამოეხმაურონ.