სოფელ დიდ ჯიხაიშში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება, რომელიც პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოდან მიიღებს
სოფელ დიდ ჯიხაიშში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება, რომელიც პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოდან მიიღებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება. განახლებული, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი მსურველებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 5 600 000 ლარია.

იმერეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტით მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კოლეჯში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

„მინისტრის მოადგილემ რეაბილიტაციისას გასათვალისწინებელ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯიხაიშის კოლეჯი უნდა იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად, სადაც თანამედროვე პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის როგორც იმერეთის რეგიონიდან, ისე მთელი საქართველოდან.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციის, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის დაქვემდებარებაშიც დაწესებულება 2016 წლიდან არის“, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.