სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებას დღეს ერგნეთში, ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ
სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებას დღეს ერგნეთში, ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, ერგნეთში დღეს მეოთხე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იმართება. შეხვედრა ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით ჩატარდება.

ცხინვალის დე ფაქტო, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან განვითარებულ მოვლენები იქნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დე ფაქტო რეჟიმს სოფელ ჩორჩანასა და წნელისს შორის უკანონო ქმედებების შეწყვეტას სთხოვს. სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხს კი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ განიხილავს.

„დღევანდელი ტექნიკური შეხვედრის თემა გახლავთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში. ჩორჩანასა და წნელისს შორის განვითარებული პროცესებს რაც შეეხება, ეს არის უკანონო და დამაზიანებელი ქმედება და ჩვენი პოზიციაა, დაუყოვნებლივ შეწყდეს და დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორიები, სადაც დღეს მიმდინარეობს უკანონო აქტივობები. იქ არის აღმართული ერთი დროშა და ეწყობა სრულიად უკანონო საგუშაგო. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს და გონივრულ ვადაში დატოვონ ტერიტორია“, – განაცხადა ანთაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, თუ დე ფაქტო რეჟიმი პირდაპირ უკავშირებს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი პოზიციის დესტრუქციულობას.

„ეს არის ჰუმანიტარული საკითხი. მიუღებელია ჰუმანიტარული საკითხები დავუკავშიროთ ნებისმიერ ჩვენს უთანხმოებას. ეს ეხება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ყოველდღიურ ყოფა- ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.  დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს და აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.

ამასთან, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ წნელისს, ჩორჩანასა და წაღვლს შორის საგუშაგოს მოწყობა დაასრულა. საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით მათ დროშა აღმართეს.