სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებას დღეს ერგნეთში, ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ
სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებას დღეს ერგნეთში, ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილავენ

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, დღეს მეხუთე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იმართება. შეხვედრა ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით ტარდება.

ცხინვალის დე ფაქტო, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან განვითარებულ მოვლენები იქნება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დე ფაქტო რეჟიმს სოფელ ჩორჩანასა და წნელისს შორის უკანონო ქმედებების შეწყვეტას სთხოვს. სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხს კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ განიხილავს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება დე ფაქტო რეჟიმის მიერ ე.წ. გამშვები საგუშაგოების ჩაკეტვაზეც.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას პირდაპირ უკავშირებს ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით ხსნის და აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებს.