სოფელ ბუკნარში ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით ქრისტიანი და მუსლიმი თემის შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, მართლმადიდებლებს, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის მონაწილეების განაცხადებით, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, იყო პროვოკაცია. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და თანაცხოვრება ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ.

„მიხარია, რომ ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ცალკეული პირების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა. ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაცვალეს მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა.

როგორც შეხვედრის მონაწილემ, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა, თემურ ირემაძემ აღნიშნაა, „სხვადასხვა რელიგიის მიუხედავად, მეგობრობას და საღ აზრს წინ ვერაფერი დაუდგება“.

„ეს ის შედეგია, რომელიც შეგვშვენის ქართველებს და ბუკნარს შეეფერება. მე არ ვყოფ, ის თემი და ეს თემი. ჩვენ ვართ ერთნი. ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რელიგია, მაგრამ მეგობრობას და საღ აზრს წინ ვერაფერი დაუდგება. როგორც შეგვშვენის, ისე მშვიდობიანად გადავწყვიტეთ ეს პრობლემა. ვიღაცების, ერთი- ორი კაცის პროვოკაციულ განცხადებებს არ ავყევით, ვინაიდან ბუკნარში ცხოვრობს შეგნებული, განათლებული ხალხი, რომელსაც შეუძლია, ეს პრობლემა მოაგვაროს და ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობა გავაგრძელოთ ისევ მოძმედ, მეგობრულად. ჩვენთან ერთად იზრდებიან ახალგაზრდები, ამ ყველაფერს გადავცემთ მომავალ თაობას“, – განაცხადა შეხვედრისერთ-ერთმა მონაწილემ, მუსლიმური თემის წარმომადგენელმა,  თემურ ირემაძემ.

შეხვედრის კიდევ ერთი ონაწილის, მაია ხელაძის შეფასებით, რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელზეც წამოეგო მოსახლეობა.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამ შეხვედრის გარეშეც რომ გადარჩებოდა ეს ურთიერთობა და ამდენი წლის სიყვარული გაიმარჯვებდა, დარწმუნებული ვიყავი. მოეგო გონს ყველა, ყველა მიხვდა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელზეც წამოეგო ჩვენი მოსახლეობა და ეს ურთიერთობა ამ სოფელში გადარჩებოდა მაინც ამ სიყვარულით. სიყვარულს ვერაფერი ვერ მოკლავდა“, – განაცხადა პედაგოგმა, მაია ხელაძემ.

შეხვედრამდე დღეს ბუკნარში მდებარე ეკლესიაში სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს.  პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღევლინა სოფელში მდებარე მუსლიმურ სამლოცველოშიც.