სოფელ ბუღაშენის მოსახლეობა აცხადებს, რომ ​მიხაილ ავაქიანის ძეგლი 25 წლის წინ დაიდგა, ხოლო წელს რესტავრაცია ჩაუტარდა [ვიდეო]

ახალქალაქში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ ბუღაშენში ​ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის რესტავრირებული ვარიანტის პრეზენტაციას აზერბაიჯანის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ბუღაშენის მცხოვრებლების განმარტებით, მიხაილ ავაქიანის მონუმენტი სოფელში ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაიდგა, ხოლო 20 იანვარს ძეგლის გარშემო სკვერი გაიხსნა. ამის დასტურად მათ ძეგლთან წლების წინ გადაღებული ფოტოები მოაქვთ.

მათივე თქმით, ავაქიანის ნათესავებმა ძეგლის რესტავრაცია და მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობა წელს გადაწყვიტეს და თავადვე დააფინანსეს. საზეიმო გახსნას, ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანიც ესწრებოდა, რომლის იქ ყოფნამაც აზერბაიჯანული მხარე გაანაწყენა. ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა აქტიურად გაშუქდა აზერბაიჯანულ მედიაში.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც აზერბაიჯანული მხარის გაღიზიანება მოჰყვა, თარიღია. 20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეა, ამ დღეს ქვეყანა 28 წლის წინ ბაქოს შეტაკებებისას დაღუპულებს იხსენებს. ბუღაშენის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თარიღები უბრალოდ დაემთხვა.

„პროვოკაციული არაფერი გაგვიკეთებია. ძეგლი იყო 1995 წლიდან. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენივე ფულით ძეგლის გარშემო სკვერი მოგვეწყო და ძველი ძეგლი გაგვეახლებინა“, – აცხადებენ ბუღაშენის მცხოვრებლები.

შემთხვევითობაზე საუბრობენ და ატეხილ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებენ ადგილობრივი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ. დღეს ახალქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და პარლამენტში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ამბობენ, რომ ბუღაშენში 20 იანვარს მიწვეული სტუმრის სტატუსით მივიდნენ.

ბუღაშენში მომხდარის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე. საგარეო უწყებაში იმყოფებოდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში. წერილობითი განმარტება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც აღნიშნულია, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა როგორც თბილისში, ასევე აზერბაიჯანში ელჩების მეშვეობით. აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ 25 წლის წინ დადგმული ძეგლის რესტავრაცია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.

„ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ნამდვილად ვიცი რომ მსგავსი გადაწყვეტილება არც ცნობილი იყო და არც მიღებული ყოფილა. საერთო ჯამში, მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი კონკრეტული ლოკალური გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​არასამთავრობო​ ორგანიზაციების ნაწილში აცხადებენ, რომ შექმნილი აჟიოტაჟით დაინტერესებული მხოლოდ რუსეთის ფედერაციაა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამ კუთხით აქტიურად მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის არც დადგმისა და არც რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაუგებრობის მოგვარებას დიპლომატიური არხებითა და ინფორმაციის გაცვლის გზით შეეცდებიან.