სოფელ ბაღმარანში ასფალტირებული საავტომობილო გზის დაგება დაიწყო
სოფელ ბაღმარანში ასფალტირებული საავტომობილო გზის დაგება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღმარანში საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. სოფელს ასფალტირებული საავტომობილო გზა არასდროს ჰქონია. სამუშაო პროცესის დაწყებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სოფლის სხვა საჭიროებების ეტაპობრივ მოგვარებასაც დაჰპირდა.

ბაღმარანის ახალი საავტომობილო გზის სიგრძე 4,8 კილომეტრს შეადგენს, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.

გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობის პირობა ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებულმა წინა ვიზიტის დროს მისცა.