სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოები დღეს არ განახლებულა
სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოები დღეს არ განახლებულა

სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან სადემარკაციო სამუშაოები დღეს არ განახლებულა, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ძალების რამდენიმე სამხედრო დგას და ჭოგრიტებით აკვირდება ვითარებას.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. მისი განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს იმ ადამიანებზე ზრუნვას, რომლებსაც რუსეთის პროვოკაციები ნორმალურ გარემოში ცხოვრებას უზღუდავს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვხდებით რუსეთის მხრიდან აგრესიისა და პროვოკაციის. საქართველო ბუნებრივია, ამ ყველაფერს არ შეეგუება და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას , რომ აღკვეთილი იყოს მსგავსი პროვოკაციები რუსეთის მხრიდან. ამ ყველაფერზე პასუხი არის, რომ ძლიერი იყოს ქვეყანა და მშვიდობიანი საშუალებებით მოხდეს მავთულხლართების აღება. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და ახლაც გაამახვილებს ყურადღებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ეს ბარიერები უზღუდავს გადაადგილებას და ნორმალურ გარემოში ცხოვრების უფლებას“,-განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, რუსმა სამხედროებმა ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზეც დაიწყეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება. ორი დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა რკინის ბოძები 500 მეტრზე მეტ მანძილზე დაამონტაჟეს.