სოციოლოგიური კვლევით, ეკრემ იმამოღლუს 46.7%-იანი მხარდაჭერა აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი გამოკითხულთა 39.3% ემხრობა
სოციოლოგიური კვლევით, ეკრემ იმამოღლუს 46.7%-იანი მხარდაჭერა აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი გამოკითხულთა 39.3% ემხრობა

სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს რეიტინგი ბოლო ორ თვეში კიდევ უფრო გაიზარდა. სოციოლოგიური კვლევის კომპანიების, „მეტროპოლისა“ და „ქონდას“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ იმამოღლუს 46.7%-იანი მხარდაჭერა აქვს, იმ დროს, როდესაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოკითხულთა 39.3% ემხრობა. მოქალაქეებს კითხვა შემდეგი სახით დაუსვეს – დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდნენ ხმას?

რაც შეეხება მათ პარტიებს, ასევე გაზრდილია მხარდამჭერთა რიცხვი როგორც ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის ( 33%), ისე იმამოღლუს „რესპუბლიკური პარტიის“ (34%) მიმართ.

აღსანიშნავია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამჟამად მეორე ვადით იკავებს თურქეთის პრეზიდენტის პოსტს და, არსებული კანონმდებლობით, მას 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, თუკი არ გამოცხადდება ვადამდელი არჩევნები ან პარლამენტის 3/5-ის მხარდაჭერა არ ექნება.

სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით მარტში დააკავეს, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოყვა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით პეტიცია წარადგინა, რომელსაც 13 მილიონი მოქალაქე აწერს ხელს.