სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხული გერმანელების 16 პროცენტი იბრძოლებდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქვეყნის დასაცავად
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხული გერმანელების 16 პროცენტი იბრძოლებდა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქვეყნის დასაცავად. „ფორსას“ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მონაწილეთა 16-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი „აუცილებლად“ იბრძოლებდნენ, ხოლო 22-მა პროცენტმა თქვა, რომ „ალბათ“ იბრძოლებდნენ, თუმცა 59-მა პროცენტმა განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ისინი „ალბათ არ“ ან „ნამდვილად არ“ იქნებოდნენ მზად გერმანიის დასაცავად.
ოთხიდან ერთზე მეტმა რესპონდენტმა (27 პროცენტი) განაცხადა, რომ ისინი გერმანიაზე სამხედრო თავდასხმას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ან ნაწილობრივ სავარაუდოდ მიიჩნევენ.
გამოკითხულთა 59-მა პროცენტმა განაცხადა, რომ, მათი აზრით, გერმანიას, სავარაუდოდ, მოუწევს სამხედრო დახმარების გაწევა ნატო-ს სხვა წევრისთვის.
გერმანიის თავდაცვის მომზადებისა და ამ სფეროში გაზრდილი ხარჯების შესახებ გამწვავებული დებატების ფონზე გამოკითხვაში დაახლოებით 1000 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
„ფორსას“ მონაცემებით, შედეგებს პლუს-მინუს სამი პროცენტული პუნქტის ცდომილების ზღვარი აქვს.
მაისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ბერლინი იღებს შეერთებული შტატების მოთხოვნას, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ხუთ პროცენტამდე გაზარდონ. ამჟამად გერმანია თავდაცვაზე მშპ-ის დაახლოებით ორ პროცენტს ხარჯავს.