სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგმა პირველად ისტორიაში ქვეყნის მასშტაბით 30%-ს მიაღწია, ფრიდრიხ მერცის პარტიის რეიტინგი კი, რეკორდულ 18%-მდე დაეცა
ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგმა პირველად ისტორიაში ქვეყნის მასშტაბით 30%-ს მიაღწია.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მხარდამჭერთა რიცხვი კი, რეკორდულ 18%-მდე დაეცა.
სოციოლოგიური ინსტიტუტის, Insa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა, გამოცემა Bild-ის დაკვეთით წარიმართა.
რაც შეეხება „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მმართველ კოალიციაში იმყოფებიან, მათ გამოკითხულთა 14% ემხრობა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ოპოზიციურ „კავშირი-90/მწვანეებს“. მემარცხენეებს – 10%, სარა ვაგენკნეხტსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ კი, 4% აქვთ.
ამ მონაცემებით, ცხადი ხდება, რომ კოალიციის ფორმირება მხოლოდ ორი პარტიით შეუძლებელი იქნება და საჭირო იქნება მესამე ძალასთან მოლაპარაკებაც.
გამოკითხულთა 79% კანცლერ მერცის მუშაობით უკმაყოფილოა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ – წინა პომერანიის მიწებზე ლანდტაგის არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ხმათა 43.8 და 38.2% მიიღო.