სოციალური ქსელის საშუალებით, არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გურიაში ერთი პირი დააკავეს [ვიდეო]

შსს-მ 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით, მიმოწერა ჰქონდა.

მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი