სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონფერენცია გაიმართა
სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონფერენცია გაიმართა

სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონფერენცია გაიმართა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კონფერენციას საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ სოციალურ კოდექსთან დაკავშირებით ისაუბრეს. მოხდა გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის და ლიეტუვის სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სისტემური მოწყობის მოდელების მაგალითების განხილვა და საქართველოსთან შედარება.

კონფერენცია მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გახსნა და სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ბარკალაიამ აღნიშნა, რომ ცვლილება გააერთიანებს სოციალურ კანონმდებლობას, სამუშაო პროცესში მოხდება სოციალური დაცვის სისტემის, მასში არსებულ გამოწვევების გაანალიზება და საბოლოოდ სოციალური დაცვის მექანიზმები უფრო მაღალ სტანდარტზე ავა.

„ამ პროცესში უკვე ჩაერთნენ საერთაშორისო ექსპერტები, ჩვენ გვქონდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც გერმანელი, ფინელი, ფრანგი და ლიეტუველი ექსპერტები ჩაერთვნენ. მათ აქვთ უშუალო გამოცდილება სოციალური კოდექსის შემუშავების და დახვეწის პროცესში თავის ქვეყნებში. კონფერენციაზე წარმოგვიდგინეს თავისი ქვეყნის მაგალითები, ისევე როგორც რეკომენდაციები თუ როგორ უნდა წარიმართოს კოდექსის შემუშავების პროცესი.

უკვე ვასრულებთ მუშაობას საქართველოში არსებული სისტემის შეფასებაზე და ამ შეფასების წარდგენა მალე მოხდება ფართო საზოგადოებისთვის. ვნახავთ თუ სად არის და რა არის სისტემური გამოწვევები, ასევე რეკომენდაციები რომელსაც ექსპერტები მოგვცემენ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა საქართველოში. ამაში შედის როგორც სოციალური გასაცემლები, ასევე აქტიური შრომის ბაზრის და დასაქმების პოლიტიკა, ასევე ჯანდაცვის უფრო უკეთესი ხელმისაწვდომობის და ხარისხის მეთოდოლოგიები, შესაბამისი მხარდაჭერისა და ორგანიზაციული მექანიზმები, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელებას გახდის შესაძლებელს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ქართველი მოსახლეობისთვის სოციალური კოდექსის სარგებელზე ისაუბრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორმა რაფაელ ჟოზანმა.

„საქართველოს მთავრობა სოციალურ კოდექსზე სწორედ ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობს. სოციალური კოდექსი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს სწორედ ევროპული სტანდარტები განვიხილეთ, ევროპელმა ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ახლა ვართ კოდექსზე მუშაობის საწყის ფაზაზე, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება. უკვე მოხდა თემების გამოყოფა და სამომავლოდ აღნიშნულ თემებზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. მოხდება არსებული სიტუაციის აღწერა და სამომავლო ხედვის განსაზღვრა. აღნიშნული კოდექსის შექმნას რა თქმა უნდა დრო სჭირდება, მისი დანერგვა კი ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება“, – აღნიშნა რაფაელ ჟოზანმა.

შეხვედრის ბოლოს, კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და შეხვედრის მონაწილეებს კოდექსის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას მინისტრი ონლაინ ფორმატში ესწრებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის შექმნისთვის, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოების მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით სოციალური კოდექსის ორწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.

სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის. სოციალურ კოდექსზე მუშაობა 2023 წელს დასრულდება.

დატოვე კომენტარი