სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა შესაძლოა, თითო ბავშვზე 50-ლარიანი დანამატი ჯერ ფულადი სახით, შემდეგ სურსათის ვაუჩერით მიიღონ
სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა შესაძლოა, თითო ბავშვზე 50-ლარიანი დანამატი ჯერ ფულადი სახით, შემდეგ სურსათის ვაუჩერით მიიღონ

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა შესაძლოა, თითო ბავშვზე გამოყოფილი 50-ლარიანი დანამატი პირველ ეტაპზე მთლიანად ფულადი სახით მიიღონ, ხოლო მოგვიანებით ამ თანხის ნაწილი სასურსათე ვაუჩერის სახით გაიცეს. თუმცა რა სახით ამოქმედდება პროგრამა, ჯერ დეტალები უცნობია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის საბოლოო დაზუსტება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

სერგეენკოს განმარტებით, დრო ძალიან ცოტა რჩება, რადგან სოციალურად დაუცველებმა აღნიშნული გაზრდილი თანხა პირველი იანვრიდან უნდა მიიღონ.

„შეიძლება წავიდეთ იმ ვერსიით, რომ დასაწყისისთვის ეს დახმარება მთლიანად მონეტარული იყოს, ან მისი ნაწილი იყოს ვაუჩერული. ამაზე უახლოეს მომავალში გვექნება საბოლოო კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან ერთად და უკვე საბოლოო ფორმატზე ჩამოვყალიბდებით, რადგან დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა”,  – განცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, იანვრიდან სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილი დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. თავდაპირველი ვერსიით, ოჯახები ამ დახმარებიდან ნაწილს – 20 ლარს თანხის სახით, 30 ლარს კი სასურსათე ვაუჩერის სახით მიიღებენ. ინიციატივა მომავალი წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.