სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ
სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლევან თხელიძეს შეხვდა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, შეხვედრაზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემის ფორმაზე იმსჯელეს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს თანხა მაქსიმალურად მოხმარდეს და სიკეთე მოუტანოს ბავშვებს. გვქონდა კონსულტაციები გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდთან. გადაწყდა, რომ დაიწყოს შერეული მოდელი. ნაწილ მუნიციპალიტეტებში იქნება მხოლოდ თანხა, ნაწილში შერეული მოდელი. რაში გამოიხატება შერეული მოდელი – „ლიბერთი ბანკს“ გადაეცემა 30-ლარიანი ბარათი, რითაც შეძლებენ სურსათის შეძენას, ეს მოდელი გაგრძელდება მაქსიმუმ წლის ბოლომდე. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ რომელიმე მოდელის უპირატესობა იკვეთება მთლიანად სისტემა გადაერთვება უპირატეს მოდელზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა ფორმით მარტიდან მიიღებენ.

მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი ბავშვის კვების სპეციალურ ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა. ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.