სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება
სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილსა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. ინციდენტი ქაშუეთის ეკლესიასთან მოხდა.
ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ვატო შაქარიშვილსა და გოგა ხაინდრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
„შემთხვევით დავინახე ვატო შაქარაშვილი და გოგა ხაინდრავა, ვიდეო ჩავრთე და ვუთხარი, რომ მონა იყო თავისი საქმიანობის გამო, ფონდების დაყადაღება ვიგულისხმე. ამის გამო გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რამდენჯერმე წიხლი დამარტყა და სახეში სილა გამაწნა ხუთი-ექვსჯერ. პოლიციამ როგორც კი დაინახა, მოვიდა. ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა“, – განაცხადა მამნიაშვილმა.
ჟურნალისტი ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
ამასთან, როგორც ინციდენტთან დაკავშირებით მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა პირველ არხს განუცხადა, გოგა ხაინდრავასთან ერთად ქაშუეთიდან გამოვიდა, რა დროსაც, ტელეფონმომარჯვებული მამნიაშვილი მათთან მივიდა და „მონის“ ძახილი დაუწყო.
შაქარაშვილის თქმითვე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეფონმომარჯვებული ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ.
„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტელეფონმომარჯვებული „ოლე ოლა“ ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. მონის დაძახებაზე ქართველ კაცს ექნება შესაბამისი რეაქცია. ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, ზეთი არ მქონდა ზეთნაცხები ხელიდან შეშრობილი, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატის, რუსის, მონის ძახილი და მოხვდა კბილებში. ეს იყოს მაგათთვის პროფილაქტიკური ხასიათის, რადგან უნდა დაასრულონ ეს. საზოგადოება ითმენს, კბილებით უჭირავს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ არავის არ ვერჩით, არავის არ ვესხმით, ლოცვიდან ქაშუეთიდან გამოსულთან ასეთი პროვოკატორი, მანქურთი დემონი მოვიდა ტელეფონმომარჯვებული და ვურჩევ, რომ გამოაქვეყნოს ეს ვიდეო და დადოს საჯაროდ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
შემთხვევის შესახებ ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.
„ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა „მონა-მონას“ ძახილით და მიიღო კბილებში. იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც, ზედმეტად ბევრს ვითმენთ. იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება“, – დაწერა შაქარიშვილმა.