სოციალურ ქსელში მოსარჩელესთან ურთიერთშეურაცხმყოფელი საუბრის გამო, მოსამართლემ თვითაცილება მოითხოვა
სოციალურ ქსელში მოსარჩელესთან ურთიერთშეურაცხმყოფელი საუბრის გამო, მოსამართლემ თვითაცილება მოითხოვა

მოსარჩელესთან არასასიამოვნო ინციდენტის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა ​საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას რამდენიმე კონსტიტუციური სარჩელიდან თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა. შესაბამისი ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

შუამდგომლობის მიხედვით, 2018 წლის 28 მაისს მოსარჩელე გია ფაცურიასა და მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს შორის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, რა დროსაც მათ ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი მიუთითებს, რომ ამ ინციდენტის გამო, მას და მოსარჩელე ფაცურიას შორის არსებობს არასასიამოვნო, კონფლიქტური ურთიერთობა. მოსამართლის პოზიციით, აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სარჩელის ობიექტურად განხილვას.

„ამასთან, დასახელებული კონფლიქტის პირობებში, მოცემული საქმის განხილვაში მისმა მონაწილეობამ შესაძლოა, გამოიწვიოს საზოგადოების უნდობლობა აღნიშნულ საქმეზე მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. აღნიშნული კი უარყოფითად აისახება, საზოგადოების მხრიდან, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ სანდოობაზე“, – აღნიშნულია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითარიდების შესახებ მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.