სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც შეისწავლის
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც შეისწავლის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

„როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნების ვინაობა, დადგენილია ის პირებიც ვინც სოციალურ ქსელში ატვირთა აღნიშნული ვიდეო. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება. მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ, როგორც არასრულწლოვანებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ საზოგადოება ასეთი პროცესების აქტიური მოკავშირეა, რადგან ბულინგისა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე სწორი რეაგირება, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოს თავად იღებენ.