„სოციალ-დემოკრატებმა“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიული პროექტი მოამზადეს  
„სოციალ-დემოკრატებმა“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიული პროექტი მოამზადეს  

„სოციალ-დემოკრატები“ საპენსიო რეფორმის ალტერნატიული წინადადებით გამოდიან.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა, მთავრობის მიერ წარდგენილ რეფორმას ნაკლოვანებები აქვს, ამიტომაც ახალი მომზადდა.

დეპუტატის შეფასებით, მთავრობის პროექტის პირველი ნაკლოვანება ისაა, რომ ცვლილებები პენსიონერების წინაშე არსებულ პრობლემებს მთლიანად ვერ პასუხობს და ეს ყველაფერი საპენსიო ფონდის შექმნის მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე ფუნდამენტურ რეფორმას.

„სამწუხაროდ, მეორე ისაა, რომ საკითხის საზოგადოებრივი განხილვა არ მომხდარა, საპენსიო რეფორმა კი, ყველა მოქალაქეს ეხება“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მათ მიერ შემუშავებული რეფორმა სამ სვეტს ეფუძნება.

„პირველი სვეტი იმ 750 ათას ადამიანს ეხება, რომელიც დღეს არის პენსიაზე. პენსია ყოველწლიურად გაიზრდება. მინიმუმ საშუალო ხელფასის 17%-ის გათვალისწინებით, რაც პირველ წელს – 10 ლარით ზრდას გულისხმობს, შემდეგ წელს – 15 ლარით და ა.შ.

მეორე თაობათა შორის სოლიდარობის სვეტია, რომელიც გულისხმობს როგორც სტაჟის, ასევე, ანაზღაურების გათვალისწინებას. ამ სისტემის ამოქმედების მეორე წლიდან, ანუ, თუ სისტემა 2019 წელს ამოქმედდება, 2020 წლიდან ის ადამიანები, ვინც პენსიაზე გავლენ, გაზრდილ პენსიას მიიღებენ. თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი იმ ადამიანებზე არაფერს ამბობდა, რომლებიც მომავალ წელს გავიდოდნენ პენსიაზე, ჩვენი წინადადებით, ვინც პენსიაზე მომავალ წელს გავა, გაზრდილ პენსიას მიიღებს. რაც შეეხება მესამე სვეტს, ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სვეტის მსგავსია, სადაც ინდივიდუალურ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა მოხდება. დაფინანსება შემდეგი პრინციპით ხდება – საბაზისო პენსია ბიუჯეტიდან იზრდება. მეორე სვეტით პენსიის დაგროვება ხდება დამსაქმებლისა და სახელმწიფოს შენატანის 2-2 პროცენტის საფუძველზე“, – ამბობს ნაცვლიშვილი.

დეპუტატის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ხელფასების რაოდენობაში დიდი სხვაობაა, ჰორიზონტალური სოლიდარობის ფონდი შემოდის, რომლის საფუძველზეც დაბალი ხელფასის მქონე პირები, უფრო მეტად გაზრდილ პენსიას მიიღებენ, ვიდრე მათზე მაღალი შემოსავალის მქონე მოქალაქეები.