„სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, სასკოლო და სკოლამდელი განათლების საკითხებზე პარლამენტში თემატური კონფერენცია გაიმართა
„სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, სასკოლო და სკოლამდელი განათლების საკითხებზე პარლამენტში თემატური კონფერენცია გაიმართა

პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, სასკოლო და სკოლამდელი განათლების საკითხებზე პარლამენტში თემატური კონფერენცია გაიმართა, სადაც სკოლამდელი და ზოგადი განათლების შესახებ პარტიის ზოგადი კონცეფცია განიხილეს.

პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, განათლების რეფორმა კომპლექსური საკითხია, რომელიც ვერ გატარდება სხვა სფეროების, მათ შორის ეკონომიკის რეფორმის გარეშე.

„პარტია „სოციალ-დემოკრატები“პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალური მიმართულების მიხედვით კონფერენციებს ვატარებთ, სადაც ამ სფეროში დასაქმებულ პირებთან, სფეროს სპეციალისტებთან ერთად ვმსჯელობთ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე. დღევანდელი კონფერენცია შეეხება სასკოლო და სკოლამდელი განათლების საკითხებს. გვსურს, ჩვენი ხედვა წარვუდგინოთ ამ სფეროს წარმომადგენლებს. მსჯელობის შედეგად, გვინდა ჩამოვაყალიბოთ პლატფორმა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ პოლიტიკაზე ზეგავლენა გვექნება და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნება, ჩვენ ზოგადი განათლების მიმართულებით ამ პოლიტიკის რეალიზებას მოვახდენთ. მოკლედ რომ გითხრათ, ეს გულისხმობს სკოლის როლის გაზრდას. სკოლა არ არის მხოლოდ უმაღლესში მოსამზადებელი კურსები, ადამიანმა სრულყოფილი განათლება უნდა მიიღოს. ამავე დროს, სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, რომელიც ადამიანს განათლების შემდგომი საფეხურებისთვის ამზადებს. ამიტომ ჩვენ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, რამაც სერიოზულად დაარტყა სკოლას,”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.