„სოციალ-დემოკრატები“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან
„სოციალ-დემოკრატები“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან

პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტს გაკეთებულ განცხადებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში კონფლიქტების თემა ხშირად ექცეოდა პოლიტიკური მანიპულაციების საგნად, რითაც ზიანი ადგებოდა ადამიანთა მშვიდობიანი ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობას.

„განვლილ წლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩამოაყალიბა, ჩვენი აზრით, მცდარი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ერთადერთ გამართლებულ მოქმედებად მიიჩნეოდა აგრესიული რიტორიკით შეფუთული უმოქმედობა ან ავანტიურიზმი. არსებული მძიმე ვითარება მნიშვნელოვანწილად ამ „პოლიტიკის“ შედეგიცაა. ვთვლით, რომ დღევანდელ მწვავე ვითარებაში გაკეთებული ამ განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტებთან მიმართებით პრინციპულ საკითხებზე უკომპრომისო და აქტიური პოზიცია დააფიქსირა – მშვიდობიანი პოლიტიკის უალტერნატივობის ხაზგასმით და პირისპირ დიალოგისთვის მზაობით, მან კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა, რაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს პასუხისმგებლიან და რაციონალურ დამოკიდებულებას განამტკიცებს.

ასევე, მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი ჩიხშია შესული და საჭიროებს ხელახალ გააზრებას. მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრის ჩართვა ახლებურ მნიშვნელობას შესძენს როგორც ჟენევის ფორმატს, ისე საქართველოში მშვიდობაზე დაფუძნებული განვითარების პროცესს. ამასთან, ეს არ გულისხმობს რუსეთთან მიმართებაში რაიმე ფორმით ჩვენი პოზიციების დათმობას და დეოკუპაციის გზაზე აქტიური მოქმედების შესუსტებას.

გლობალურ პოლიტიკის დღევანდელი ტენდენცია კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ამ რწმენას. ისეთი რადიკალურად დაპირისპირებული მხარეებიც კი, როგორებიცაა აშშ და რუსეთის ფედერაცია ან სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა, სულ უფრო მეტად ცდილობენ დიპლომატიის ყველა არსებული საშუალებით ურთიერთობების რაციონალიზაციას. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პრაგმატული მიზნების მისაღწევად, დეოკუპაციისა და აფხაზური და ოსური საზოგადოებების დასაბრუნებლად პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.