„სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას მოუწოდებენ, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს
„სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას მოუწოდებენ, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს

„სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას მოუწოდებენ, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს.

დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა დაზარალებულებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ კომპანიის საქმიანობამ რამდენიმე ათას ოჯახს უდიდესი ზარალი მიაყენა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო კომპანიასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დროული და ეფექტიანი რეაგირება.

„დაზარალებულთა უმრავლესობამ ანაბარი შეიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში საფინანსო კომპანია „საქართველომ“ გააჩაღა აქტიური სარეკლამო კამპანია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ მიიღო საჭირო ზომები, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შესაძლო რისკ-ფაქტორების თაობაზე. შედეგად, ადამიანებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და ენდობოდნენ რა სახელმწიფოსა და ეროვნულ ბანკს, აგრძელებდნენ ანაბრების შეტანას კომპანიაში, რომელიც რეალურად თაღლითურ პირამიდას წარმოადგენდა. შედეგად, ათასობით დაზარალებული მივიღეთ. ჩვენი ინფორმაციით, ეს მოვლენები უკიდურესად უარყოფითად აისახა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დეპუტატმა პარლამენტში უკვე წარადგინა დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, საფინანსო კომპანია „საქართველოსთან“ დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. დეპუტატი პარლამენტს მოუწოდებს, საგამოძიებო კომისია დროულად შექმნას.