„სოციალ-დემოკრატები“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატები მთავრობას მიმართავენ
„სოციალ-დემოკრატები“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატები მთავრობას მიმართავენ

„სოციალ-დემოკრატები“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართავენ მოთხოვნით, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ჩარევისგან.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და არაფორმალურად ხელმძღვანელობს პოლიტიკურ პარტიას, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, ვინაიდან პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოში მხოლოდ მის მოქალაქეებს გააჩნიათ.

მოსალოდნელია, რომ უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც ის გააგრძელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, ეს კი საფრთხეს შეუქმნის მეგობრულ და თანამშრომლურურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინას შორის.

„ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სამართლებრივად და ქმედითად აღკვეთოს უკრაინის ხელისუფლების წევრის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.

მოვუწოდებთ პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმართული იქნება ამ მხრივ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ნორმების განმტკიცებაზე. ასევე, შესაბამისი წესების გათვალისწინებით, მოსთხოვოს უკრაინის მთავრობას, რეაგირება მოახდინოს და აღკვეთოს სააკაშვილის მხრიდან სამომავლოდ მსგავსი ჩარევები.

მოვუწოდებთ მედიასაც, აღკვეთოს სააკაშვილის ყველა მცდელობა, ჩაერიოს ქვეყნის პოლიტიკაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.