"სოციალ-დემოკრატები" ფრაქციის სხდომაზე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს იბარებენ
"სოციალ-დემოკრატები" ფრაქციის სხდომაზე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს იბარებენ

“სოციალ-დემოკრატები” ფრაქციის სხდომაზე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს იბარებენ. სხდომაზე განსახილველი თემა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლის მეორე მოსმენით განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით ერთი კვირით გადავადდა.

“სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი უწყებებს მოუწოდებს, განმარტებები იმ შეთანხმების შესახებ გააკეთონ, რომელიც სამინისტროს შორის უნდა შემდგარიყო და რის გამოც, აღნიშნული პროცესი გაჭიანურდა.

“დღეს სამუშაო ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მუშა ადგილზე დაიღუპა. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხად დაუყოვნებლივ ქმედითუნარიანი შრომის ინსპექციის შემუშავება უნდა განისაზღვროს, რადგან ცალსახაა, რომ ყოველი გადადებული დღე, ყოველი გაჭიანურებული გადაწყვეტილება საზოგადოებას ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდება”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის თქმით, თუ პროცესის გაჭიანურების მიზეზი კერძო სექტორის მოთხოვნაა, რომ შრომის ინსპექციის არსებობის პირობებში მოგების ხელშეუხებლობის გარანტია მიიღოს, მისი ფრაქციის უპირველესი მოთხოვნაა, ამგვარი ტიპის ინტერესებს ქვეყანაში ადმიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება არ ეწირებოდეს. 

“იმ პირობებში, სადაც საზოგადოების ვიწრო ჯგუფი საკუთარ ფინანსურ ხელშეუხებლობას – საზოგადოების ფართო ჯგუფების შევიწროებისა და სიცოცხლის ხარჯზე მუდმივად ითხოვს, შეუძლებელია, განვითარებაზე, დასაქმებასა და პასუხისმგებლიან სახელმწიფოზე ვისაუბროთ. 2012 წელს ჩვენი გამარჯვების მთავარი საფუძველი ადამიანებისთვის სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაბრუნება იყო. განხორციელებული ცვილებების მიუხედავად, ჩვენ მშრომელებისთვის ღირსეული დასაქმების პირობების უზრუნველყოფა დღემდე ვერ შევძელით. ამის მიზეზი უკვე თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ჩამოყალიბებული მანკიერი ცნობიერების ინერციაა, რომ თითქოს დამსაქმებელია მხოლოდ ქვეყნის დოვლათის შემქმნელი, ხოლო დასაქმებული უბრალო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გაფუჭდეს, გატყდეს, აღარ გჭირდებოდეს და მოისროლო, ან გამოცვალო. დღეს არათუ ადამიანების სოციალურ უფლებებს, არამედ ყოველღიურად საფრთხე მათ სიცოცხლეს ექმნება. ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ბიუჯეტში შესული არც ერთი კომპანიის მოგება და არანაირი თანხა არ ღირს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.