სმიტების ოჯახის წარმომადგენელი - ჩვენ გვჯერა სამართლიანობის
სმიტების ოჯახის წარმომადგენელი - ჩვენ გვჯერა სამართლიანობის

სმიტების ოჯახის წევრებს უყვარდათ სამყარო, მათი სიცოცხლე ძალადობრივად დასრულდა, ჩვენ გვჯერა სამართლიანობის, – ამის შესახებ აშშ-ის კონსულმა და სმიტების ოჯახის წარმომადგენელმა ჟენეტ რებერმა ​გორის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, სადაც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ.

„ველოდებით სამართლიანობას. სამართლიანობას მსხვერპლებისთვის – რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტისა და მათი შვილის. ულამაზესი ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ სამყარო და რომელთა სიცოცხლეც ძალადობრივად დასრულდა. ისინი წარმოშობით ამერიკელები იყვნენ, თუმცა ცხოვრების წესით ქართველები იყვნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს სმიტების ოჯახის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობას გამოძიების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. ჩვენ გვჯერა სამართლიანობის“, – განაცხადა ჟენეტ რებერმა.

დღევანდელ პროცესზე მხარეები დასკვნითი ​სიტყვებით წარდგებიან, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

​სმიტების ოჯახის სამი წევრი ხადას ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მალხაზ კობაური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ცნობით, 4 ივლისს ხადას ხეობაში დაღუპული ოჯახის ორი წევრი მოკლული იყო – კაცი და ბავშვი, ხოლო ქალი გაქცევისას ხევში გადავარდა. 9 ნოემბერს მალხაზ კობაურს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ, კობაურს ბრალად ედება არამხოლოდ მამა-შვილი სმიტების მკვლელობა, არამედ ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. კობაური წინასწარ პატიმრობაშია, ის ბრალს არ აღიარებს.