სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმებიან
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ექსპერტიზის დასკვნას არ ეთანხმებიან

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაცვის მხარემ საქმის დეტალებზე ისაუბრა. ადვოკატებს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვი შეაქვთ და აცხადებენ, რომ ლორა სმიტთან კობაურს სექსუალური კავშირი არ დაუმყარებია.

მათივე თქმით, დოკუმენტით არ დასტურდება გაუპატიურების ფაქტი. ადვოკატების შეფასებით, კობაურისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა და სათანადო მტკიცებულებები ბრალდების მხარეს არ გააჩნია.

„ორი დღის წინ იყო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. პირველი უკანონობა არის ის, რაც პროცესის დახურვის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს თვითნებობას უკავშირდება. ექსპერტიზის დასკვნას რაც შეეხება, ეს არის შესაძლო მტკიცებულება. დასკვნა არ ადასტურებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს. ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობის შემთხვევაშიც არ დასტურდება მკვლელობის ფაქტი, არც გაუპატიურება. გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებას საქმეში არ ფიგურებს“,-განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ბრალდება აბსურდულია და დაცვის მხარე მას არ ენდობა. მისივე თქმით, კობაიძე  ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს იმის დასამტკიცებლად, რომ სექსუალური აქტის დამყარება არ შეუძლია.

„სასამართლომ ფაქტობრივად, დაინდო პროკურატურა, რათა საზოგადოების წინაშე მათი უსუსურობა არ წარმოჩენილიყო. მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარე არ არის მოწოდების სიმაღლეზე, არ აქვს სათანადო მტკიცებულებები. არსებობს, მხოლოდ პირის ბრალდების შესახებ ფარატინა ქაღალდი, სადაც კობაურის ჩვენება არის გადმოტანილი. დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩაინიშნება არსებითი განხილვა, ბრალდების მხარე ვერ შექმნის გონივრულ ეჭვს, რომელიც ობიექტურ პირს კობაურის დანაშაულში დაარწმუნებს. ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებული არის სრულიად ჯანმრთელი, შერაცხადი ადამიანი ვერ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს. ექსპერტიზით სექსუალური ძალადობა ლორა სმიტის მიმართ არ დასტურდება. საქმეში არსებობს იმდენად აბსურდული დასკვნა, რომ ჩვენ არ ვენდობით. თავად კობაური გვეუბნება, რომ სასწრაფო წესით ჩავუტაროთ ექსპერტიზა იმის დასადასტურებლად, რომ სექსუალური აქტის დამყარება არ შეუძლია. ფაქტია, რომ ბრალდებულს არანაირი სექსუალურ აქტი არ დაუმყარებია გარდაცვლილ ლორას სმიტთან“,-აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.