სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის განცხადებით, კობაურის მიმართ არსებული განჩინება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უცვლელი უნდა დარჩეს.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულება ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს.

სასამართლო სხდომა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დახურულ რეჟიმში გაიმართა.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.