სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ახალი ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულებს
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ახალი ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ინტერესებს ადვოკატი ალუდა ბუჩუკური დაიცავს. ადვოკატი კობაურთან გლდანის მერვე დაწესებულებაში დღეს შევა.

ბუჩუკური აპირებს, ბრალდებულის პოზიციას კიდევ ერთხელ გაეცნოს და მისგან კიდევ ერთხელ მოისმინოს დეტალები, თუ რა მოხდა ხადას ხეობაში.

საქმეში ადვოკატი ალუდა ბუჩუკური მას შემდეგ ჩაერთო, რაც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები. თუმცა, დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება აზრს, თითქოს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე უარი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე თქვა. მედიით გავრცელებული დასკვნის თანახმად, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი მიბჯენით არის მოკლული.

ადვოკატი ალუდა ბუჩუკური ბრალდებულ მალხაზ კობაურთან შესახვედრად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს, 11:00 საათზე შევა.