სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ხვდება
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ხვდება

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს თავისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ხვდება.

როგორც კობაიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საგამოძიებო ექსპერიმენტზე ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც ბრალდებული დანაშაულის ადგილზე უნდა გამოიკითხოს. ადვოკატის თქმით, ამ საკითხზე საგამოძიებო უწყებებთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ვაპირებთ, ხადას ხეობაში ჩავიდეთ და მონაწილეობა მივიღოთ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ამასთან, დაკავშირებით ბრალდების მხარეს ვესაუბრეთ და ახლა კობაური უნდა გამოიკითხოს. გამოკითხვის შემდეგ კი აღარაფერი რჩება, რომ მისი შემთხვევის ადგილზე გადაყვანა მოხდეს, დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას მის მიერ მიცემული ჩვენება, რამდენად თანმიმდევრული და ობიექტური იქნება“, – განაცხადა კობაიძემ.

მისი თქმით, უნდა გადამოწმდეს ყველა დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია საქმისთვის.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ხადას ხეობაში დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი დაგეგმილი არ არის და ამის შესახებ ადვოკატს უწყებისთვის არ მიუმართავს.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.