სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურთან შესახვედრად ადვოკატი ციხეში შევიდა 
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურთან შესახვედრად ადვოკატი ციხეში შევიდა 

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურთან შესახვედრად  ადვოკატი ალუდა ბუჩუკური სასჯელაღსრულების ნომერ მერვე პენიტენსიურ დაწესებულებაში შევიდა.

როგორც ალუდა ბუჩუკურმა ბრალდებულთან შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის მალხაზ კობაურთან დაცვის სტრატეგიის შესათანხმებლად შედის.

რაც შეეხება ბრალდების აღიარების შესახებ დასმულ კითხვას, ადვოკატი აცხადებს, რომ ის დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების გარეშე.

„აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემდეგ პირველად ვხვდები დაცვის ქვეშ მყოფს. შევათანხმებ პოზიციას და თუკი ბრალდებულის ნება იქნება, გავაკეთებ განცხადებას”, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმეში ადვოკატი ალუდა ბუჩუკური მას შემდეგ ჩაერთო, რაც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები. თუმცა, დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება აზრს, თითქოს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე უარი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე თქვა. მედიით გავრცელებული დასკვნის თანახმად, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი მიბჯენით არის მოკლული.

ხადას ხეობაშ მკვლელობა 4 ივლისს მოხდა.  შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაინს სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი. უწყების ცნობით, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდებაშსს-მ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავა. დაკავებულს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.