სლუცკი „რუბინის“ შეცვლას გეგმავს - კოროვირუსის შემდეგ, ფეხბურთელი გამძლეობას კარგავს
სლუცკი „რუბინის“ შეცვლას გეგმავს - კოროვირუსის შემდეგ, ფეხბურთელი გამძლეობას კარგავს

ხვიჩა კვარაცხელაისა და ზურიკო დავითაშვილის გუნდის, ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გუნდის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლას გეგმავს.

რუსმა სპეციალისტმა ამის შესახებ ბლოგერ ნობელ არუსტამიანთან ინსტაგრამ-ინტერვიუში ისაუბრა და რუსეთის ჩემპიონატის განახლებისას გაუთვალისწინებელი რისკები ახსენა.

„მთავარი, რისიც მეშინია, მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებიდან მომდევნო სეზონის დაწყებამდე არსებული მოკლე შესვენებაა. გუნდის მომზადება მხოლოდ ერთ თვეში მომიწევს. იმის გათვალისწინებით, რომ შემადგენლობის სერიოზული შეცვლა იქნება საჭირო, ეს კატასტროფულად მცირე დროა თუნდაც ნორმალური სატრანსფერო კამპანიისთვის, გუნდის შეთამაშებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“ – ამბობს ლეონიდ სლუცკი.

ამავე დროს, მან კოროვირუსის ჯერაც უცნობ შედეგებზე პროგნოზი გამოთქვა და განაცხადა, რომ ვირუსი ფეხბურთელებზე კატასტროფულ გავლენას მოახდენს: „მახსოვს ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბავშვობაში პნევმონია ჰქონდათ. ამან მათ გამძლეობაზე უარყოფითად იმოქმედა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი კორონავირუსის მძიმე ფორმას თუ გადაიტანს, ეს მინიმუმ გააუარესებს მის ფიზიკურ მომზადებას, რადგან ვირუსის შემდეგ, ფეხბურთელი გამძლეობას კარგავს. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაავადებას შეუძლია ფეხბურთელის სპორტულ კარიერას წერტილი დაუსვას“, – მიიჩნევს სლუცკი.