სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე - ევროკავშირო, გაიღვიძე, დროა, დაიწყო ღირებულებების განხორციელება
ევროკავშირო, გაიღვიძე. დროა, ღირებულებებით იცხოვრო, დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კაცობრიობის დაცვა, – ამის შესახებ სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩიმ ხორვატიაში, დუბროვნიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კლაკოჩარ ზუპანჩიჩის თქმით, იმედოვნებს, რომ ადამიანობა გაიმარჯვებს.
„ჩვენ გარკვეულწილად ვაშენებთ საზოგადოებას, თუმცა დავკარგეთ ადამიანობის შეგრძნება? დღევანდელ მსოფლიოში ვაწყდებით სისასტიკეს, საშინელებებს, ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება, ეწოდოს გენოციდი. სულ უფრო მეტისკენ მისწრაფებაში ხომ არ დავკარგეთ ემპათია? რატომ ვუყურებთ ყოველდღიურად ახალ ამბებში მოშიმშილე ბავშვებს, ცხედრებს ან რას ვაკეთებთ? ვამზადებთ სიტყვით გამოსვლებს, ვსაუბრობთ ჩვენს ღირებულებებზე. ვასრულებთ კი ამ ღირებულებებს? რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ, იყვნენ მსოფლიოს მმართველები? ევროკავშირი იყო ოცნება. ოცნება ქვეყნებზე, განსხვავებულ ერებზე, განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებსა და განსხვავებულ რელიგიებზე. ეს იყო ოცნება და გახდა რეალობა. სად არის ევროპელი ხალხის ერთიანი ხმა, როდესაც მსოფლიოში სისასტიკეებს ეხება საქმე, იქნება ეს ევროპასთან ახლოს თუ უფრო მოშორებით? რატომ ვდუმვართ? რატომ ვაკვირდებით? ან მხოლოდ ერთ-ორ სიტყვას ვიტყვით და არაფერს ვაკეთებთ. გულწრფელად ვთქვათ, რატომ არაფერს ვაკეთებთ? ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, არ იყოთ ჩუმად, არ იყოთ უმოქმედოდ, სიცოცხლის გადარჩენა ამად ღირს. იქნება ეს ისრაელის, პალესტინის, უკრაინის თუ რუსეთის მხარე. ეს არის მსოფლიო, რომელზეც ვოცნებობ და სწორედ ამიტომ გავხდი პარლამენტარი, რადგან არ მსურს ჩუმად დარჩენა. არ მინდა, ვუყურო ბავშვებს, იმას, როგორ ნადგურდება ჩვენი მომავალი ყოველ საღამოს ახალ ამბებში და არაფერს ვაკეთებდე. ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა, გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კაცობრიობის დაცვა.
ასე გვამოძრავებს კაპიტალი, რომ ვერ ვხედავთ, რა ხდება ჩვენ თვალწინ? კაპიტალი არაა ჩვენი მომავალი, ბავშვები არიან. ისინი იცოცხლებენ, როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით. ისტორია არ იქნება შემწყნარებელი, ის ადრე თუ გვიან გაგვასამართლებს. ვიმედოვნებ, ადამიანობა გაიმარჯვებს. ვიმედოვნებ, ევროკავშირი ფეხზე წამოდგება და დაიწყებს იმის კეთებას, რაზეც ამდენი წელია, ვსაუბრობთ. კაცობრიობა უპირველეს ყოვლისა – ჩემთვის ეს არის სწორი გზა და მრავალი ჩემი კოლეგა ასევე ფიქრობს ეროვნულ ასამბლეაში. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ პარლამენტებმა უნდა დაიწყონ საგარეო პოლიტიკის შემუშავება, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ხალხს ჩვენს ქვეყნებში და ხალხი გულის სიღრმეში კარგია, უმეტესობა მათგანი. ჰოდა, რატომ არ უნდა განვახორციელოთ ის, რაც კარგია? როდესაც სახლში დაბრუნდებით, ნუ გაჩუმდებით, გააკეთეთ რამე, დაიწყეთ საუბარი კაცობრიობისთვის. ხშირად მიწოდებენ იდეალისტს, თუმცა ვიქნები იდეალისტი, რადგან ვიღაცამ უნდა დაიცვას სწორი ღირებულებები. არ მადარდებს კაპიტალი, მატერიალური სიკეთეები მსოფლიოში. არ მადარდებს, არ მსურს ოვალურ კაბინეტში ყოფნა, არ მინდა, მსოფლიოს მმართველი ვიყო, მინდა, ვიცხოვრო ისეთ სამყაროში, სადაც ჩემს შვილებს მომავალი აქვთ, სადაც ისინი იქნებიან თავისუფალი, უსაფრთხოდ. ვიმედოვნებ, როდესაც ერთმანეთს კიდევ შეხვდებით – და თუ შევხვდებით – ეს ოდნავ უკეთეს მსოფლიოში იქნება, რადგან დღეს ის არც ისე კარგია. შეგვიძლია, შევცვალოთ ის და ეს ერთი ნაბიჯით იწყება“, – განაცხადა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩიმ.