„სლოვანის“ სპორტული დირექტორი - ბათუმის „დინამოსთან“ ორი რთული მატჩი გველის #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანის“ სპორტულმა დირექტორმა, რიჩარდ ტრუციმ კომენტარი გააკეთა ბათუმის „დინამოზე“, რომელიც სლოვაკეთის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში დაუპირისპირდება.
„ჩვენ ადვილი თამაში არ გველის. ყველა შესაძლო მოწინააღმდეგიდან შეგვხვდა გუნდი, რომელიც ჩვენგან ყველაზე შორს არის და დაახლოებით ოთხი საათის ფრენა გველის. ბათუმში კი გველოდება რთული კლიმატური პირობები, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა. თუმცა, ამაზე ბევრი საუბარი არ ღირს, რადგან შესაძლოა ასე სხვა მეტოქეზეც გვესაუბრა“, – ამბობს „სლოვანის“ სპორტული დირექტორი.
რიჩარდ ტრუცის თქმით, სლოვაკეთის ჩემპიონს ბათუმში არა მხოლოდ რთული ამინდი, არამედ, ძლიერი მეტოქეც ელის.
„ჩვენ მეტოქედ საქართველოს ჩემპიონი გვყავს და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. „სლოვანსა“ და „დინამოს“ საერთო ის აქვთ, რომ ორივეს ახალი ლამაზი სტადიონები გვაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ პირველი საშინაო მატჩი, რომელსაც 5 ან 6 ივლისს ვითამაშებთ, მაქსიმალური რაოდენობის გულშემატკივარს შეკრებს და ჩვენი მეთორმეტე მოთამაშე გახდება. ორი რთული მატჩი გველის და მათი მხარდაჭერა დაგვჭირდება“, – აცხადებს სლოვაკეთის ჩემპიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სლოვაკეთის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 6 ივლისს ბრატისლავაში გამართავენ, ხოლო 13 ივლისს განმეორებით დაპირისპირებას ბათუმის არენა უმასპინძლებს.