„სლოვანის“ მცველი კევინ ვიმერი – „იბერიის“ ბარიერის დასაძლევად პრესინგი და აგრესიული შეტევა დაგვჭირდება #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანი“ საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა. ავსტრიელმა მცველმა, კევინ ვიმერმა, რომელსაც „ტოტენჰემსა“ და ავსტრიის ნაკრებში უთამაშია, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში „იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, „იბერიასთან“ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. გენერალური რეპეტიცია კვიპროსულ „პაფოსთან“ გვქონდა და 3:2 გავიმარჯვეთ. ამან კიდევ ერთი დადებითი იმპულსი მოგვცა. უკვე მოუთმენლად ველით საქართველოში სეზონის კარგ დასაწყისს.
დარწმუნებული ვარ, თუ ბევრს ვირბენთ, პრესინგს გამოვიყენებთ და აგრესიას შეტევაში კლასსაც დავამატებთ, „იბერიასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების მოსაგებად პირველივე შეხვედრაში დიდ ნაბიჯს გადავდგამთ.
გვესმის, რომ ევროპაში გრძელი და რთული გზა გველის, მაგრამ გვინდა, რომ თავიდანვე კარგად ვითამაშოთ“, – თქვა ავსტრიელმა მცველმა.
„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველ მატჩში ბრატისლავის „სლოვანს“ 21 ივლისს დაუპირისპირდება. „მიხეილ მესხი არენაზე“ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.