„სლოვანის“ დირექტორი უკმაყოფილოა - ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის ბილეთების მეოთხედიც არ გაყიდულა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მეტოქის, ბრატისლავას „სლოვანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ივან კმოტრიკ უმცროსმა (მამამისი, ივან კმოტრიკ უფროსი კლუბის მეპატრონეა) „ტეჰელნო პოლეს“ სტადიონზე გამართულ წინასასეზონო პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებთან გუნდის სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა.
„ახალწვეულები არიან იურაიი კუცკა, სიმენ ვოეტი, ერიკ რამირესი და გიორგი ჩაკვეტაძე. ოთხშაბათს ბათუმელებთან ოთხივე განაცხადში იქნება. რაც შეეხება წასულებს, დაგვტოვა კაპიტანმა ვასილ ბოჟიკოვმა, რომელსაც კონტრაქტი ამოეწურა, ასევე სამუელ მრაზიმ (იჯარა დაუსრულდა), კენან ბაირიჩმა (პაფოსში გადავიდა), ხოლო ადლერ და სილვა (მიხალოვცე) და იან მედვედი (ნოვი პაზარი) კვლავ იჯარით გავუშვით“, – ამბობს ივან კმოტრიკ უმცროსი.
ბრატისლავას „სლოვანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სეზონის მიზნებზე ისაუბრა და მეკარის პრობლემა ახსენა.
„მოხარული ვარ, რომ ახალ სეზონს მამა-შვილ ვაისებთან ერთად ვიწყებთ. მიზანი ჩემპიონობის ზედიზედ მეხუთედ მოგება და ევროთასების ჯგუფში მოხვედრაა. მიზნების მისაღწევად მე და მწვრთნელმა შემადგენლობა შეძლებისდაგვარად შევკრიბეთ. ახლა ვეძებთ ალტერნატივას მეკარის პოზიციაზე, სადაც მიხალ შულა დიდი ხანია ტრავმირებულია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მეკარეს ავიყვანთ. თუმცა, ბათუმელებთან მატჩამდე მის დამატებას ვერ მოვახდენთ, რადგან განაცხადების შევსება დღეს დაიხურა. მწვრთნელს შეუძლია დაეყრდნოს იმ მეკარეებს, რომლებიც აქამდე გვყავდა“.
ივან კმოტრიკ უმცროსი უკმაყოფილოა, რომ საქართველოს ჩემპიონთან თამაშამდე ბილეთების საერთო რაოდენობის მეოთხედიც არაა გაყიდული.
„ბრატისლაველებმა უნდა გაიღვიძონ და დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა ძლიერი და ამბიციური „სლოვანის“ ხილვა. ეს კი ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. დასწრება არ ემთხვევა გუნდის ხარისხს და სპორტულ შედეგებს – ზედიზედ ოთხი ტიტული, სამი წლის განმავლობაში ევროთასების ჯგუფში ორჯერ გავედით, ახლა სასტარტო შემადგენლობაში ახალწვეულები გამოჩნდებიან. ამ დროს, ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე მხოლოდ 5000 ბილეთი გავყიდეთ, („ტეჰელნო პოლე“ 22 ათას მაყურებელს იტევს). ბურთი გულშემატკივართა მხარესაა. გვჯერა, რომ ბათუმთან გამოფხიზლდებიან და სტადიონს აავსებენ. ვფიქრობ, დროა მათ დააფასონ ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ და ერთად გავძლიერდეთ“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცის პირველ ეტაპზე ბათუმის „დინამო“ ბრატისლავაში „სლოვანს“ 6 ივლისს ესტუმრება, ხოლო განმეორებით შეხვედრაში 13 ივლისს ბათუმის არენაზე უმასპინძლებს.