სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა - გიორგი მოისწრაფიშვილი ტრნავის „სპარტაკის“ მოთამაშეა #1TVSPORT
ტრნავის „სპარტაკმა“, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება, ქართველი ფეხბურთელი გიორგი მოისწრაფიშვილი დაიმატა – ინფორმაციას სლოვაკური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„23 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით.
გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, სადაც 19 და 21-წლამდელებში სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა და თითოეულში 3-3 გოლი გაიტანა. ის დაუღალავი ნახევარმცველია, რომელსაც გოლების გატანა და თანაგუნდელების საგოლე გადაცემით მომარაგება შეუძლია.
გიორგი ტრნავაში საქართველოს უმაღლესი ლიგის ფოთის „კოლხეთი-1913-დან“ გადმოვიდა. „დინამო თბილისში“ თამაშის გარდა, მან ბედი ასევე უცხოეთში სცადა – ბელგიურ „ბევერენსა“ და უკრაინის პრემიერლიგის კოვალივკას „კოლოსში“.
ის გახდა მესამე მოთამაშე საქართველოდან, რომელმაც ტრნავის „სპარტაკის“ მაისური მოირგო. მანამდე ირიცხებოდნენ დავით სხირტლაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა“, – წერს სლოვაკური კლუბის ოფიციალური გვერდი და გიორგის კომენტარს აქვეყნებს.
„ვიცნობ ვახოს, ჩვენ ერთად ვთამაშობდით „დინამო თბილისში“. ის, რაც მან აქ შეძლო, ტიტულის მოგება, უდიდესი მიღწევაა და იმედი მაქვს, რომ მას მივბაძავ. ადრე ტრნავის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ გურამ კაშიამ, რომელიც ბრატისლავის „სლოვანში“ თამაშობს, მითხრა, რომ სლოვაკეთში სახელოვანი გუნდია და ყოველთვის უმაღლესი ადგილებისთვის იბრძვის“, – ამბობს გიორგი მოისწრაფიშვილი.