სლოვაკეთში ორკვირიანი ლოკდაუნი და 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
სლოვაკეთში ორკვირიანი ლოკდაუნი და 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სლოვაკეთში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, ორკვირიანი ლოკდაუნი და 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამგვარად, სლოვაკეთი ავსტრიის შემდეგ მეორე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელსაც ლოკდაუნი აქვს გამოცხადებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ლოკდაუნის გამოცხადებამდე მოსახლეობას პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ სლოვაკეთი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლას აგებს. მისი თქმით, მკაცრი ზომების მიღება აუცილებელია, რადგან ჯანდაცვის სფერო გადაიტვირთა.

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში სლოვაკეთის მცხოვრებლებს სახლიდან გასვლა მხოლოდ პროდუქტების საყიდლად, სამსახურში, სკოლაში ან აცრაზე წასასვლელად შეეძლებათ.

90-დღიანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აიკრძალა ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება, თუ ისინი ერთი ოჯახის წევრები არ არიან.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის სლოვაკეთი ყველაზე დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, ქვეყანაში აცრილია მოსახლეობის 45 პროცენტი.