სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა შვიდი წლის წინ მოკლული გამომძიებელ-ჟურნალისტის, იან კუციაკისა და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას ხსოვნას პატივი მიაგეს
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა შვიდი წლის წინ მოკლული გამომძიებელ-ჟურნალისტის, იან კუციაკისა და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრაციები სლოვაკეთის 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, ყველაზე მასშტაბური აქცია კი დედაქალაქ ბრატისლავაში ჩატარდა.
იან კუციაკისა და მარტინა კუშნიროვას მკვლელობის მე-7 წლისთავისადმი მიძღვნილი მიტინგი წუთიერი დუმილით დაიწყო. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები დისტანცირებიდან ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისგან.
სლოვაკეთის დედაქალაქში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ იან კუციაკის მშობლები და მარტინა კუშნიროვას დედა.
„მჯერა, რომ ერთად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბედნიერ დასასრულამდე. ამ ყველაფრის არქიტექტორი კვლავ ხელისუფლებაშია“, – თქვა იოჟეფ კუციაკმა.
როგორც მედია წერს, კუციაკი გულისხმობდა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს, რომელიც მთავრობას ხელმძღვანელობდა მაშინ, როდესაც ჟურნალისტი და მისი საცოლე მოკლეს.
ბრატისლავაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტიც. მათი განცხადებით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სიძულვილით საზოგადოების ნაწილი დააავადა.
„ის ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ოპოზიციური ძალა არიან, რომ ჩვენ საზღვარგარეთიდან გვიხდიან და სლოვაკეთის მტრები ვართ. ეს სიცრუეა. სიმართლე მარტივია, ჩვენ გვიხდიან ჩვენი მკითხველები. თქვენ გვიხდით ჩვენ და თქვენ გვიხდით სწორედ იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ რობერტ ფიცო, მისი ვიზიტები, გარიგებები პუტინთან თუ ტრამპთან, შეთანხმებები კოალიციის პარტნიორებთან“, – განაცხადა გამოცემა Denník N-ის მთავარმა რედაქტორმა, მატუშ კოსტოლნიმ.
სლოვაკური მედიის ნაწილი აცხადებს, რომ რობერტ ფიცო და მისი მთავრობა მათზე ზეწოლას ახდენს.
მედიის ცნობით, ფიცოს მთავრობამ გააუქმა სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ჩაანაცვლა იგი სლოვაკური ტელევიზიითა და რადიოთი, რომელიც, როგორც სიტყვის თავისუფლების დამცველები შიშობენ, შეიძლება, უბრალოდ მმართველი კოალიციის რუპორად გადაიქცეს.
ცნობისთვის, 2018 წელს, ფიცოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მესამე ვადის დროს, მოკლეს ჟურნალისტ-გამომძიებელი იან კუციაკი და მისი საცოლე მარტინა კუშნიროვა, რამაც სლოვაკეთში უდიდესი პროტესტი გამოიწვია და ფიცოს გადადგომა მოუწია.