სლოვაკეთში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა
სლოვაკეთში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სლოვაკეთში 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა.

საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სლოვაკეთის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშულებების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მოვლენამ ბიძგი მისცა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად საბჭოთა კავშირში მოვლენების შემდგომ განვითარებას, რასაც შედეგად მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დღევანდელი საქართველოს მთავარ გამოწვევას – რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას. ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

სლოვაკი ექსპერტების განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის მაგალითის მიმცემია.

შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და ქართული საზოგადოების ტოლერანტულობა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რაც მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.